„მარტოსულობის უპირატესობანი“
- სტივენ ჩბოსკი
- Aug 18, 2016
- 2 min read
სტივენ ჩბოსკის
1991 წლის 25 აგვისტო
ძვირფასო მეგობარო,
ამ წერილს იმიტომ გწერ, რომ მან შენზე თქვა, სხვების მოსმენა და გაგება შეუძლიაო; კიდევ იმის გამო, რომ იმ წვეულებაზე მასთან დაწოლა არ გიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეგეძლო. გთხოვ, ნუ შეეცდები გაარკვიო, ვის ვგულისხმობ „მასში“, რადგან მერე ალბათ იმასაც მიხვდები, მე ვინ ვარ, მე კი ეს ძალიან არ მინდა. ჩემს წერილებში ყველას შეცვლილი სახელებით მოვიხსენიებ, რადგან არ მინდა, მიპოვო. ამავე მიზეზის გამო არ ვაწერ წერილს მისამართს. ძალიან გთხოვ, ამის გამო ცუდად ნუ იფიქრებ ჩემზე.
უბრალოდ, საშინლად მჭირდება ვიღაც, ვისაც ჩემი მოსმენა და გაგება შეუძლია; ვინც მუდმივად იმის ცდაში არაა, ვინმესთან დაწვეს, მაშინაც კი, როცა ამის საშუალება აქვს. მართლა მესაჭიროება იმის ცოდნა, რომ ასეთი ხალხი არსებობს.
მგონია, რომ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი გაგება შეუძლია, რადგან სხვებისგან განსხვავებით, შენ ცოცხალი ხარ და იცი, რასაც ნიშნავს ეს. ვიმედოვნებ, რომ მართლა ასეა, რადგან შენი პიროვნული ძლიერება და მეგობრული ხასიათი გარშემომყოფებს იმედით ავსებს. ყოველ შემთხვევაში, ასე მსმენია შენზე.
მოკლედ, ჩემი ცხოვრება ასეთია: ერთდროულად ბედნიერიც ვარ და უბედურიც. ჯერ კიდევ ვცდილობ ამოვხსნა, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს.
ვცდილობ, ჩემი ამ მდგომარეობის ერთ-ერთ მიზეზად ჩემი ოჯახიც განვიხილო; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი მაიკლი გასული გაზაფხულის ერთ დღეს სკოლაში არ მოვიდა და იმავე დღეს დინამიკიდან მისტერ ვონის ხმა მოგვესმა:
„ბიჭებო და გოგონებო, წუხილით გატყობინებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე, მაიკლ დობსონი, გარდაიცვალა. მის მოსაგონარ საღამოს პარასკევს, საერთო კრებაზე ჩავატარებთ.“
არ ვიცი, ახალი ამბები მთელ სკოლაში როგორ ვრცელდება და ხშირად რატომ აღმოჩნდება ხოლმე ეს ამბები მართალი. კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი სასადილოში გვითხრა დეივმა (სულ რომ უცნაურ სათვალეებს ატარებს), მაიკლმა თავი მოიკლაო. თურმე დედამისი მეზობელს ბრიჯს ეთამაშებოდა, როცა გასროლის ხმა გაიგონეს.
ამის მერე რა მოხდა, კარგად არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ მისტერ ვონის კაბინეტში ჩემმა ძმამ მომაკითხა და მთხოვა, აღარ მეტირა. მერე მხარზე ხელი დამადო და მითხრა, ტირილით გული მანამ იჯერე, სანამ მამა შინ დაბრუნდებაო. მერე მაკდონალდსში წამიყვანა შემწვარი კარტოფილის საჭმელად. იქვე ამიხსნა, როგორ უნდა მეთამაშა პინბოლი. იხუმრა კიდეც, შენ გამო სკოლას ვაცდენო, და მკითხა, ხომ მსურდა, „კამაროს“ შეკეთებაში დავხმარებოდი. ალბათ ძალიან განადგურებული ვიყავი, რადგან სხვა დროს თავის „კამაროს“ ახლოსაც არ მიმაკარებდა.
აკადემიურ მრჩევლებთან შეხვედრაზე რამდენიმე ჩვენგანს, ვინც მაიკლთან ახლოს ვიყავით, გვთხოვეს, ორიოდე სიტყვა გვეთქვა. მგონი ეშინოდათ, რომელიმე ჩვენგანსაც არ ეცადა თვითმკვლელობა ან რამე ამის მსგავსი, რადგან ძალიან დაძაბულები ჩანდნენ. ერთი მათგანი გამუდმებით ისვამდა ხელს წვერზე.
ბრიჯიტმა, რომელიც ცოტას აფრენს, თქვა, რომ სუიციდზე მაშინ ფიქრობს, როცა ტელევიზორში რეკლამები გადის. მისმა გულახდილობამ აკადემიური მრჩევლები ძალიან დააბნია. კარლმა, რომელიც ყველას კარგად ექცევა, თქვა, ვწუხვარ, მაგრამ თავს არასოდეს მოვიკლავ, რადგან თვითმკვლელობა ცოდვააო.
ერთმა მრჩეველმა მთელ ჯგუფს ჩამოუარა და ბოლოს მეც მომადგა.

Kommentare